რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებები კვირის განმავლობაში მეხუთედ ითხოვა
11/11/2022 16:54:33 მსოფლიო
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან მოსკოვმა კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკვე ხუთჯერ ითხოვა. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ რუსულ ჯარს ხერსონის დატოვება მოუწევდა, ამ თემაზე განცხადებები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჟღერს.
დღეს მსგავსი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, რომლის თქმით, "რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე". "ჩვენ ამისთვის ადრეც ვიყავით მზად, მაგრამ კიევმა თავისი დასავლელი კურატორების ბრძანებით შეწყვიტა დიალოგი, რომელიც, არსობრივად, წინ მიიწევდა: მუშავდებოდა გარკვეული დოკუმენტი. ახლა ეს ყველაფერი წარსულშია. რა იქნება ხვალ - ჩვენზე არაა დამოკიდებული", — განაცხადა რიაბკოვმა.
მოლაპარაკებებზე კიევის დათანხმების შემთხვევაში უკრაინაში ომის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც. "კონფლიქტი უკრაინაში, ანუ, მე ვიტყოფი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შესაძლებელია, დავასრულოთ მიზნების სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით მიღწევით. ვწუხვართ, რომ კიევის პოზიციის გამო ეს სადღეისოდ შეუძლებლად წარმოჩინდება" - აღნიშმა მან.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა კრემლის წარმომადგენელმა 7 ნოემბერსაც. მაშინ მან აღნიშნა, რომ მოსკოვი "ღიად რჩება და მზადაა, დასახული მიზნების მისაღწევად დიპლომატიური გზებით იბრძოლოს, მაგრამ ვერ ხედავს მსგავს შესაძლებლობას, რადგან კიევში მიიღეს კანონი, რომელიც რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს კრძალავს".
8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარეგულირების კუთხით კონტაქტების განახლების პირობები გაახმოვანა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსულ მხარეს რაიმე სახის წინაპირობები არ გააჩნია. "უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს კრძალავს. ეს მათი არჩევანია, ჩვენ კი ყოველთვის ვაცხადებდით მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც ჩვენი ბრალეულობით არ შეწყვეტილა. ჩვენის მხრივ არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, გარდა მთავარი რამისა: უკრაინამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
9 ნოემბერს, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონის ჩაბარების ბრძანება გასცა, ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლემა მარია ზახაროვამ მიანიშნა, რომ ახლა კიევს ჰმართებს, მოლაპარაკებებს დასთანხმდეს. "რუსული მხარე კვლავინდებურად ღიაა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის იმ რეალიების გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის არსებობს", — აღნიშნა მან.
ამგვარად, კვირის განმავლობაში მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების წინადადებამ უკვე ხუთჯერ გაიჟღერა.
30 სექტემბერს ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის თაობაზე. თუმცა მოგვიანებით, დარეგულირების დაწყების პირობებზე საუბრისას მას ეს აღარ უხსენებია. 10 ნოემბერს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანახმაა, "რუსეთს ესაუბროს, მაგრამ სხვა რუსეთს - იმას, რომელიც მზად იქნება მშვიდობისთვის".
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის მსგავს მოწოდებებს "მორიგ კვამლად" თვლის. "რუს ჩინოსნებს მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე მაშინ ახსენდებათ, როცა რუსეთის არმია აგებს. მოსკოვი არაა დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის დამყარებით. იმიტირებენ რა დიალოგისთვის მზადყოფნას, რუსეთში დროის მოგებას ცდილობენ, რათა ქვედანაყოფების გადაჯგუფება, ახლახანს მობილიზებულთა მომზადება, იარაღისა და ლოჯისტიკის უკმარისობის პრობლემის მოგვარება მოახერხონ, მერე კი ახალი ძალით წამოიწყონ მორიგი აგრესია", — განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.
მან გაიხსენა, რომ უკრაინა მოლაპარაკებათა გამართვის ინიციატივით არაერთგზის გამოსულა, მაგრამ საპასუხოდ იღებდა "ან აგდებულ დამოკიდებულებასა და კრემლის ულტიმატუმებისადმი დამორჩილების მოთხოვნას, ან უკრაინელთა გენოციდის მორიგ აქტებს".
გაზაფხულზე ზელენსკი მართლაც ითხოვდა პუტინთან პირად შეხვედრას და ეს წინადადება ოთხჯერ გააჟღერა, მაგრამ კრემლი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ ესოდენ მაღალ დონეზე განსახილველად "კონკრეტული საკითხები არ არსებობდა".
ამასობაში მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ დასავლეთშიც, თუმცა ცალსახა პოზიცია ამ საკითხში არ აქვთ. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაც კი წარმოიშვა: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი თვლიან, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ ადრეა, რადგან უკრაინელებს ახალი სამხედრო წარმატებების მიღწევა შეუძლიათ; ხოლო შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი დარწმუნებულია, რომ კიევმა დიპლომატიური მეთოდების გამოყენება ზამთარშივე უნდა სცადოს, რათა საკუთარი ტერიტორიული წარმატებები მოლაპარაკებათა მაგიდასთან გაიმყაროს.


