პრაისი: "აშშ არავის მოუთმენს არჩევნებში ჩარევას"
08/11/2022 06:38:30 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ "შეერთებული შტატები არავის მოუთმენს არჩევნებში ჩარევას".
„ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა.
7 ნოემბერს "პუტინის მზარეულად" ცნობილ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ მისი სტრუქტურები აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კაპანიაში ჩარევას ახოეციელებენ.
მანამდე ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებულ ფაბლიქებში ინტერნეტ-ტროლების აქტივობა შენიშნეს და მათი რუსეთთან კავშირის შესახებ ვარაუდი გამოთქვეს.
გამოცემა "Russian News"-მა ამასთან დაკავშირებით პრიგოჟინის კუთვნილი კომპანია "Конкорд"-ის პრეს-სამსახურში ითხოვა კომენტარი და მას ბიზნესმენის სახელით შემდეგი პასუხი გასცეს:
"ძალიან დელიკატურად გიპასუხებთ და ბოდიშს ვიხდი გარკვეული ორაზროვნებისთვის. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. აკურატულად, ქირურგიული სიზუსტით და ჩვენებურად. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს ორივე თირკმელსა და ღვიძლს ერთბაშად ამოვკვეთთ".
ცნობისთვის: სწორედ პრიგოჟინი ითვლება პეტერბურგში დაფუძნებული "ტროლების ფაბრიკის" დამაარსებლად, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში პროპაგანდითაა დაკავებული. მისი თანამშრომლები ყოველდღიურად მოქმედებენ სოცქსელებსა და ინტერნეტ-ჯგუფებში კრემლის ინტერესების ლობირებისა და მოწინააღმდეგეთა შავი პიარისთვის. და ეს ინტერნეტის არა მარტო რუსულ, არამედ სხვა ქვეყნების სეგმენტებში ხდება.


