პრიგოჟინმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა დაადასტურა
07/11/2022 14:09:23 მსოფლიო
"პუტინის მზარეულად" ცნობილ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ მისი სტრუქტურები აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კაპანიაში ჩარევას ახოეციელებენ.
მანამდე ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებულ ფაბლიქებში ინტერნეტ-ტროლების აქტივობა შენიშნეს და მათი რუსეთთან კავშირის შესახებ ვარაუდი გამოთქვეს.
გამოცემა "Russian News"-მა ამასთან დაკავშირებით პრიგოჟინის კუთვნილი კომპანია "Конкорд"-ის პრეს-სამსახურში ითხოვა კომენტარი და მას ბიზნესმენის სახელით შემდეგი პასუხი გასცეს:
"ძალიან დელიკატურად გიპასუხებთ და ბოდიშს ვიხდი გარკვეული ორაზროვნებისთვის. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. აკურატულად, ქირურგიული სიზუსტით და ჩვენებურად. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს ორივე თირკმელსა და ღვიძლს ერთბაშად ამოვკვეთთ".
3 ნოემბერს კომპანია Graphika-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სოცქსელების კონტენტს აანალიზებს, გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმად, სავარაუდოდ რუსეთის ტროლები ავრცელებენ პოლიტიკურ კარიკატურებს, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შეურაცხყოფს. 29 ოქტომბრიდან ანალიტიკოსებმა აღრიცხეს 6 ასეთი კარიკატურა დემოკრატ კანდიდატებზე ჯორჯიის, ოჰაიოს, ნიუ-იორკისა და პენსილვანიის შტატებში, სადაც საარჩევნო ბრძოლა განსაკუთრებით მწვავეა.
მოხსნების თანახმად, კარიკატურები შექმნილია ორგანიზაცია NAEBC-თან (Newsroom for American and European Based Citizens) დაკავშირებული აქაუნთების მიერ, რომლებიც უკიდურესად კონსერვატიული შეხედულებების მქონე მოქალაქეებზეა ორიენტირებული. თავად NAEBC-ს კი უკავშირებენ რუსულ "Агентство интернет-исследований"-ს, რომელიც პრიგოჟინის სტრუქტურებთან აფილირდება.
ცნობისთვის: სწორედ პრიგოჟინი ითვლება პეტერბურგში დაფუძნებული "ტროლების ფაბრიკის" დამაარსებლად, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში პროპაგანდითაა დაკავებული. მისი თანამშრომლები ყოველდღიურად მოქმედებენ სოცქსელებსა და ინტერნეტ-ჯგუფებში კრემლის ინტერესების ლობირებისა და მოწინააღმდეგეთა შავი პიარისთვის. და ეს ინტერნეტის არა მარტო რუსულ, არამედ სხვა ქვეყნების სეგმენტებში ხდება.


