ბუნტის შემდეგ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ერთჯერადი ანაზღაურების შესახებ
03/11/2022 19:53:06 მსოფლიო
ბუნტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მობილიზებული და კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცებისთვის ერთჯერადი ანაზღაურების შესახებ. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდი იტყობინება.
ოდენობა იქნება 195 ათასი რუბლი.
მარტში პუტინი უკრაინის ომში დაღუპულთა ოჯახებს დაჰპირდა ანაზღაურებას. თანხა უნდა მიეღოთ დაჭრილებსაც, თუმცა როგორც ირკვევა, არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ომში დაჭრილ სამხედროებს შესაბამის დოკუმენტაციას არ უფრომებენ, ხოლო თუ დაღუპულის ცხედარ ბრძოლის ველიდან არ გადაასვენეს, ის დაკარგულად ითვლება.
2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ულიანოვსკის რეგიონის სამხედრო სასწავლო ცენტრში ჩუვაშიდან მობილიზებულმა 100-ზე მეტმა სამხედრომ საპროტესტო აქცია გამართა დაპირებული ანაზღაურების გადაუხდელობის გამო. მასობრივი პროტესტი გადაუხდელმა 195 ათასმა რუბლმა გამოიწვია.
"ჩვენ, საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავთ, მივდივართ სიკვდილზე თქვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის! ჩვენი სახელმწიფო უარს ამბობს 195 ათასი რუბლის გადახდაზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინი დაგვპირდა! მაშ რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ სახელმწიფოსთვის და ჩვენი ოჯახები დავტოვოთ მხარდაჭერის გარეშე?!" - თქვა ერთ–ერთმა მობილიზებულმა.
სამხედროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი უარს აცხადებენ ომში მონაწილეობაზე და დაპირებული თანხის მიღებამდე იბრძოლებენ სამართლიანობისთვის. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ ულიანოვსკის სასწავლო ცენტრში ომონი და ეროვნული გვარდია შეიყვანეს.
მანამდე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფმა ქვედა პალატას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მობილიზებულთათვის 300 000 რუბლის ერთჯერად გადახდას ითვალისწინებდა. ერთი თვის შემდეგ კანონპროექტი გაიწვიეს.
მედია წერდა, რომ პუტინმა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, თითოეული მობილიზებულის ფულადი შემწეობა დანაყოფში ჩარიცხვის შემდეგ უნდა ყოფილიყო მინიმუმ, 195 ათასი რუბლი, ხელი 19 ოქტომბერს მოაწერა. იგი ძალაში 1 ნოემბრიდან უნდა შესულიყო.


