ჩრდილოეთ კორეამ კვლავ გაუშვა რაკეტები, მათგან ერთი კონტინენტურია
03/11/2022 07:04:45 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ 3 ნოემბრის დილით სამი რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვაში, მათ შორის ერთი შორი მანძილის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.
ამასთან დაკავშირებით იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში განგაში გამოცხადდა, ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდეს.
რაკეტების გაშვების შესახებ იუწყება სააგენტო Yonhap და სამხრეთ კორეული პორტალი IMBC. გაშვებაზე საუბრობენ იაპონიის ხელისუფლებაშიც, – წერს Reuters.
3 ნოემბერს გაშვებული სამივე რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ფხენიანში, სუნანის რეგიონიდან, ადგილობრივი დროით 7:40 საათზე გაუშვეს. რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე იყო ორი ათასი კილომეტრი, ხოლო ფრენის დიაპაზონი 750 კილომეტრი.
იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ გემების დაზიანება არ დაფიქსირებულა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდები მიუღებელი უწოდა.
ეს იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მეშვიდე გაშვება 2022 წელს და პირველი, მაისის ბოლოდან. სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წელს ჩაატარა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე წარუმატებელი ტესტირება.
ერთი დღით ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 17 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა.
ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა გამყოფი ხაზის რაიონში, ქალაქ სოკჩოდან 57 კილომეტრში, სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს, რაც პირველი შემთხვევაა ნახევარკუნძულის ორად გაყოფის შემდეგ. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ეს შეაფასა ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრად.
ფხენიანის საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთისკენ სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ არ მოითმენს ჩრდილოეთის მსგავს პროვოკაციებს და მტკიცე პასუხს გასცემს.
ფხენიანის ქმედების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. იგივე გააკეთა იაპონიის პრემიერ-მინისტრმაც.
მანამდე ფხენიანმა მოითხოვა, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ–ს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება შეეჩერებინათ.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის უკრაინის ომში გამოსაყენებლად მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვების ფარულად მიწოდებაში ადანაშაულებს.
"სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ უარყო, რომ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აპირებდა. თუმცა ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად ამარაგებს რუსეთის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვებით, იმავდროულად მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ საბრძოლო მასალა ახლო აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გადააქვს", – განუცხადა CNN–ს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
რა რაოდენობები გაიგზავნა უკვე რუსეთში, მას არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ აშშ ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობს.
სექტემბერში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალას აწვდიდა, "The New York Times" აქვეყნებდა. მანამდე აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების შესახებ გამოთქვა ეჭვი. კიევში ეს ეჭვები დაადასტურეს და დააზუსტეს, რომ შენიღბვის მიზნით უპილოტოებს ღებავენ და «Герань-2»-ს აწერენ. გაირკვა ასევე, რომ ირანი ემზადება, რუსეთს დაბალი სიშორის ბალისტიური რაკეტები Fateh-110 და Zolfaghar მიაწოდოს.
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ირანიდან და ჩრდიოეთ კორეიდან ფარული მიწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ რუსეთის არმიამ ომის 8 თვის განმავლობაში შეიარაღების დიდი რაოდენობა დაკარგა. ამასთან, მაღალტექნოლოგიური კომპონენტების ექსპორტის ამკრძალავი სანქციების გამო დეფიციტის დამოუკიდებლად შევსებას რუსეთი ვერ ახერხებს. კრემლს ჩინეთის იმედი ჰქონდა, მაგრამ პეკინმა დასავლური სანქციების დარღვევაზე უარი განაცხადა და ომის დაწყებიდან მოსკოვს არც სამხედრო ტექნიკას, არც სათადარიგოებს აწვდის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დეფიციტი შეეხო არა მარტო მაღალი სიზუტის თანამედროვე იარაღს, არამედ ძირითად არტილერიასაც.
"რუსეთი დღეში ათობით ათას ჭურვს წვავს და დეფიციტის შესავსებად მათ მსოფლიოს მასშტაბით ყველგან ეძებს", — აცხადებს ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის პროექტ "Defense Position"-ის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ კორეის საკითხთა სპეციალისტი ადამ მაუნთი.
კირბი კი, თავის მხრივ, თვლის, რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მხარდაჭერა ომის მსვლელობას მაინც ვერ შეცვლის, რადგან აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებას სამომავლოდაც განაგრძობს, თუმცა ფარული მიწოდებები შესაძლოა, რუსეთს წინა ხაზზე საარტილერიო ცეცხლის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) სპეციალისტი მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ რუსულმა არმიამ უკვე მილიონობით ერთეული საბრძოლო მასალა დახარჯა, განსაკუთრებით - ბოლო დროს, როცა ცოცხალი ძალის დეფიციტის საცეცხლე საშუალებებით კომპენსაცია უწევს. "მსგავსი სტრატეგია ძალზე ძვირი ჯდება და აიძულებს მოსკოვს, ეძებოს ქვეყნები საბჭოთა კალიბრის არტილერიით, რათა ომის გაგრძელება მოახერხოს" - ამბობს ექსპერტი.
ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, რუსეთის ფარგლებს გარეთ ძველი ყაიდის თავსებადი საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთადერთი მსხვილი წყარო იყოს, - ამბობს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) თავდაცვისა და სამხედრო ანალიზის საკითხთა სპეციალისტი ჯოზეფ დემპსი.
IISS-ს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეას შეიარაღებაში 20000-მდე ერთეული საარტილერიო შეიარაღება გააჩნია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჩათვლით, რაც გაცილებით აღემატება მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მარაგს. თუმცა ძველი საარტილერიო სისტემები სიზუსტის კუთხით ცუდი რეპუტაციით სარებლობს.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა თქვა, რომ „ექსპორტის კონტროლი აიძულებს რუსეთს, მიმართოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა მარაგებისთვის, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტებისთვის“.


