„ტაქტიკური ვარიანტი“: რა ჩაიფიქრეს კრემლში კიევთან მოსალაპარაკებლად
14/10/2022 14:16:38 მსოფლიო
მოსკოვი მხარს უჭერს კიევთან მოლაპარაკებების იდეას, მაგრამ ვლადიმირ პუტინი არ აპირებს ომის გაგრძელებაზე უარის თქმას და იმედოვნებს, რომ სასურველ „ცეცხლის შეწყვეტის“ რეჟიმს 2023 წლის თებერვალ-მარტში ახალი შეტევისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს,– იუწყება რუსეთის ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან ან დასავლეთის ქვეყნებთან და, „მედუზას“ ცნობით, პუტინი ნამდვილად ფიქრობს მოლაპარაკებების განახლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის შემდეგ, მსგავს შესაძლებლობაზე ოფიციალურად განაცხადა უარი.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პუტინს სურს, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, და „საერთოდ არ სურს ყირიმის განხილვა“ – ეს პოზიცია არ შეცვლილა, როგორც ამას „მედუზას“ დასტურებს სამი წყარო, რომელთაგან ორი კრემლთანაა დაახლოებული, ხოლო ერთი რუსეთის მთავრობასთან.
თუმცა, მედუზას თანამოსაუბრეების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ „შეიმუშავა ახალი „ტაქტიკური ვარიანტი“, რომელიც გულისხმობს არა სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, არამედ ცეცხლის დროებით შეწყვეტას.
„კრემლის ჩანაფიქრის მიხედვით, ამაზე შეთანხმება რუს და უკრაინულ სამხედროებს შეუძლიათ ორივე სახელმწიფოს მაღალჩინოსნების ჩართვის გარეშე“.
„მედუზას“ კრემლთან დაახლოებული წყაროების თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლება მზადაა, ამგვარი შეთანხმებისთვის, ჯარები ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილიდან მაინც გაიყვანოს. იმავდროულად, „მედუზას“ ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, რომელიც კრემლთან არის დაახლოებული, აღიარებს, რომ „ახლა ძალიან რთულია ხერსონის შენარჩუნება. რეგიონიდან ჯარების გაყვანა შეიძლება, იყოს კეთილგანწყობის ჟესტი და ნაბიჯი უკრაინისკენ“.
ცნობისთვის: ყოველი წარუმატებლის შემდეგ იძულებით უკან დახევას საკუთარ საზოგადოებას კრემლი „კეთილგანსწყობის ჟესტის“ ან „გადაჯგუფების“ სოუსში აწვდის. ასე მოხდა, მათ შორის, კიევის მიდაგომებიდან იძულებითი უკან დახევის შემდეგ, ზმეინის დატოვების და ხარკოვიდან გაქცევისას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა კრემლი ცდილობს, „ზეგავლენა მოახდინოს დასავლეთის ლიდერებზე“ და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე, რათა „დაარწმუნონ“ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებაში, ხოლო ამ მიზნით წარმართულ საუბრებში რუსეთის წარმომადგენლები „მარტივ არგუმენტს ასახელებენ: მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი უნდა იქნას აცილებული“. ცხადია, ეს არგუმენტი ფარისებრულად ჟღერს, რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების ფონზე, როგორც ეს მოხდა 10 ოქტომბერს და მანამდეც არაერთგზის. შედეგად ნადგურდება სწორედ რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გაეროს მონაცემებით, იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საჰაერო თავდასხმების დროს დაიღუპა ან დაშავდა.
„მედუზას“ წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პუტინი არ აპირებს ომის გაგრძელებაზე უარის თქმას და იმედოვნებს, რომ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას ახალი შეტევის მოსამზადებლად გამოიყენებს: ის ფიქრობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის არმია შეძლებს, მოამზადოს მობილიზებული რუსები და როგორმე აინაზღაუროს დანაკარგები აღჭურვილობაში. წყაროები აღნიშნავენ, რომ ახალი სრულმასშტაბიანი შეტევა შეიძლება, დაიწყოს 2023 წლის თებერვალ-მარტში.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა „მედუზას“ კითხვებს არ უპასუხა. კიევის პოზიცია კი უცვლელია პუტინთან მოლაპარაკებებზე და ეს „მედუზას“ დაუდასტურეს ზელენსკის ადმინისტრაციაში და განაცხადეს, რომ ვიდე უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, „ცეცხლი არ შეწყდება“.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსული სცენარი "აბსოლუტურად არ შედის უკრაინის ინტერესებში" და რომ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მარცხი დაასრულებს ომს:
„რას აძლევს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა რუსული სცენარის მიხედვით? დე ფაქტო ახალი ხაზის დაფიქსირება და რუსების ნაჩქარევად შეკავება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? შეიძლება სერიოზულად ვივარაუდოთ, რომ ამაზე დავთანხმდებით, განსაკუთრებით, კონტრშეტევის ფონზე?... ოპერაციული პაუზა რუსების აშკარად დაზიანებული ნაწილებისთვის, რათა მობილიზებული ოდნავ მაინც მოემზადონ და ახალი რაოდენობის თვითმკვლელები გამოაგზავნონ ბრძოლის ველზე? რატომ ვაკეთებთ ამას?".
იხილეთ ასევე:
- ხერსონის რუსულმა „ადმინისტრაციამ“ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა
- რუსული ჯარების ელიტარული ნაწილები უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდიან – მედია
- „რუს სამხედროებს ზამთრის გადატანა ძალიან გაუჭირდებათ“: ვისზე მუშაობს დრო


