რუსეთის სამხედრო ნაწილში კიდევ ერთი მობილიზებულის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
07/10/2022 07:54:42 მსოფლიო
ლენინგრადის რაიონში სოფელ კამენკას სამხედრო ნაწილში სწავლების დროს გარდაიცვალა უკრაინის ომისთვის მობილიზებული პეტერბურგის 28 წლის მკვიდრი,– იუწყება ტელეგრამ–არხი "Сирена" სამ წყაროზე დაყრდნობით.
ტელეგრამ–არხის ცნობით, მობილიზებულმა ავტომატის გამოყენებით მოიკლა თავი.
ამ დროისთვის ცნობილია მობილიზებულებს შორის სულ მცირე, 13 გარდაცვალების შემთხვევის შესახებ. მათგან მინიმუმ, ოთხ შემთხვევაში თვითმკვლელობაზეა საუბარი.
რუსული სამხედრო რეზერვისტები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიდიან სასწავლო ბანაკებში, სულ უფრო ხშირად უჩივიან ცხოვრების პირობებს, საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობას. ცნობილია, რომ ბევრ მობილიზებულს სძინავს იატაკზე ან ღია ცის ქვეშ, არ აქვთ კვება, არ გადიან სამედიცინო შემოწმებას. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ომსკის, ვოლგოგრადის, კიროვის, სვერდლოვსკის, სახალინის, ჩუვაშიასა და მოსკოვის რეგიონში.
იხილეთ ასევე: რუსეთში, ბელგოროდში 500–მდე შეიარაღებული მობილიზებული აჯანყდა
"ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ!": რუსი ვეტერანები ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ


