ზემო ლარსზე, რუსეთის მხარეს რუსი სამხედროები გამოჩდნენ
26/09/2022 14:37:25 მსოფლიო
რუსეთ–საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსზე, რუსეთის მხრიდან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ინფორმაცია ჯერ ტელეგრამ–არხებზე გავრცელდა, რასაც მოჰყვა ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები.
მოგვიანებით ინფორმაცია რუსეთის ФСБ-მ დაადასტურა და განმარტა, რომ ჯავშანტრანსპორტიორი საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი ხალხი გადაწყვეტს, „გაარღვიოს საგუშაგო“ და შეეცდება, ქვეყანა სასაზღვრო ფორმალობების გავლის გარეშე დატოვოს.
უწყების მტკიცებით, ადგილზე ბლოკ–პოსტის მოწყობა არ იგეგმება.
დეპარტამენტი ირწმუნება, რომ საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და „არავითარი შეზღუდვა სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არ დაწესებულა“.
თავის მხრივ საქართველოს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, უშვებენ თუ არა ქვეყანაში რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მსურველ ყველა მოქალაქეს და გათვალისწინებულია თუ არა რისკები სახელმწიფოსთვის, უპასუხა, რომ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების დაცვით - ინფორმაცია გროვდება საგუშაგოებზე, ხდება მისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ პირთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანთა ნაკადის გაზრდის გამო, შესაბამისი სამთავრობო უწყებები უფრო აქტიურად და უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე ადრე.
„გაიზარდა ტვირთი ყველა დეპარტამენტზე, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის გადაკვეთის შესრულებას და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.


