Accentnews.ge
შემოსავლების სამსახური: "ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე"

შემოსავლების სამსახური: "ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე"

26/09/2022 09:13:35 საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, "საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა".

„აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს „ლარსის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები. გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S