რას გულისხმობს პუტინის განკარგულების საიდუმლო მუხლი
22/09/2022 14:18:15 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულება მობილიზაციის შესახებ 1 მილიონი ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა,– ამის შესახებ გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
იხილეთ ასევე: მობილიზაციის შესახებ პუტინის განკარგულების მე-7 მუხლი გასაიდუმლოებულია
21 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ 10-პუნქტიანი განკარგულების იმ ვარიანტში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, მე-7 პუნქტი ამოღებულია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ეს იმით ახსნა, რომ მეშვიდე პუნქტი შიდა გამოყენებისთვისაა და მის კონკრეტულ შინაარსს ვერ გაამხელს. ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლია თუ არა ამ პუნქტის ზოგად შინაარსზე ილაპარაკოს ან მისი გასაიდუმლოების მიზეზი ახსნას, პესკოვმა უპასუხა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლია თქვას, არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ დაასახელა 300 ათასი ადამიანი და საუბარი სწორედ რაოდენობაზეა.
„ნოვაია გაზეტა ევროპის“ თანამოსაუბრე ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა განკარგულების მთლიანი ტექსტი გამოქვეყნებულიყო გრიფის ქვეშ, მოგვიანებით კი გადაწყდა გრიფირებული ყოფილიყო მხოლოდ განკარგულების მეშვიდე პუნქტი, რომელიც რეალურად სამობილიზაციო პირთა რაოდენობას შეეხება.
„ციფრები რამდენჯერმე შეცვალეს, საბოლოოდ მილიონზე შეჩერდნენ“, - აზუსტებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.
იხილეთ ასევე: „სხვა დონეზე გავარკვევ“: რუსი მაღალჩინოსნების შვილებს ომში წასვლა არ სურთ


