რუსეთის ქალაქებში სამხედრო მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო
21/09/2022 15:14:59 მსოფლიო
რუსეთის ქალაქებში სამხედრო მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციით, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მოქალაქეები ცენტრალურ მოედნებზე გადიან, თუმცა პლაკატების გარეშე, ეშინიათ რა დაკავების.
ხაბაროვსკში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ შოკირებულები არიან მობილიზაციის გადაწყვეტილებით და რომ ეს ომი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასრულდეს.
ანალგოიური განცხადებები კეთდება იაკუტსკში, ულან-უდეში, ირკუტსკში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციებზე.
დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, პლაკატების არარსებობის მიუხედავად, მილიცია მდუმარე აქციის მონაწილეებსაც კი აკავებს. დაკავებულია უკვე ათობით ადამიანი.
რუსეთის პროკურატურა მოქალაქეებს ორგანიზებულ მიტინგებში მონაწილეობისა და მათკენ მოწოდებების გამო 15 წლიანი სასჯელით დაემუქრა. რეგიონების ადმინისტრაციებს კი აქციებზე შემჩნეული მონაწილეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და პროკურატურისთვის მიწოდება დაევალათ.
ცნობისთვის: აქციებისკენ მოწოდებით დღის პირველ ნახევარში რუსული ოპოზიციური მოძრაობა "Весна" და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები გამოვიდნენ. პარალელურად ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც ამ დროისთვის 200 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.


