სახდეპი - ბლინკენმა ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა
19/09/2022 06:09:08 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ცნობისთვის: სომხეთში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა, რომ "ის და მისი დელეგაცია, კონგრესის სახელით, მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მხრიდან არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე".
თავის მხრივ პელოსის განცხადებებს გამოეხმაურა ოფიციალური ბაქო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "აზერბაიჯანის მისამართით პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია“.


