პუტინის მუქარის კონტრპროდუქტიულობა: ნავთობის ფასი ზრდის ნაცვლად მკვეთრად დაეცა
07/09/2022 21:12:48 ეკონომიკა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარამ, რუსულ ენერგომატარებლებზე ზღვრული ფასის შემოღების შემთხვევაში დასავლეთისთვის “ყველაფრის მიწოდებები შეეწყვიტა”, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, - იუწყება "The Moscow Times".
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელში $90-ს ჩამოსცდა (ბარელში $89,73, კლება – 3,4%), ხოლო ამერიკული WTI-ს ღირებულება - იანვრის დასაწყისის მინიმუმს ($83,65, კლება - 3,8%).
$140-მდე გაძვირების შემდეგ ომის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ნავთობი 37%-ით გაიაფდა და მიყოლებით სამი თვე მინუსებში დაასრულა, რაც ყველაზე გრძელ “შავ ზოლად“ იქცა ბაზრისათვის 2020 წლიდან.
ამასთან, ტრეიდერები ნავთობის პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებენ. “მსოფლიო ეკონომიკა ნელდება, ევროპა რეცესიისკენ მიდის, ჩინეთმა ლოკდაუნებზე დასვა 65 მილიონი ადამიანი. ეს ყველაფერი ნედლეულზე მოთხოვნას ამცირებს” – განმარტავს Oanda-ს ანალიტიკოსი ედვარდ მოია.
OPEC+-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, სექტემბრიდან მოპოვება დღე-ღამეში 100 ათასი ბარელით შეამცირონ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია მსოფლიო მოთხოვნისთვის, რომელიც 1000-ჯერ უფრო მაღალია.
ნავთობს გაძვირებადი დოლარი აწვება, - აღნიშნავენ ING-ს ანალიტიკოსები: ფორექსზე ამერიკული ვალუტის ინდექსი 20-წლიან რეკორდებს ხსნის, ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ მინიმალურ ნიშნულზეა, იენისა - 1998 წლის შემდეგ, ხოლო ფუნტისა — 1980-იანების შემდეგ მინიმალურ ნიშნულზე.
ბაზარი ელის, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს პოლიტიკის გამკაცრების ციკლს, რომელიც უკვე იქცა ყველაზე ხისტად 1970-იანების ბოლოდან.
ორგზის გაზარდა რა განაკვეთი 0,75 საპროცენტო პუნქტით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შესაძლოა, ანალოგიური ნაბიჯი სექტემბერშიც გადადგას, - აღნიშნავს Bloomberg.
ამასობაში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, კრემლელი დიქტატორის მუქარის მიუხედავად, რუსული გაზის საიმპორტო ფასზე ლიმიტის დაწესების წინადადება წარმოადგინა.
"უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომელსაც პუტინი ამ საშინელი ომის დასაფინანსებლად იყენებს" - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


