რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საკადრო „შიმშილია“ – უკრაინის დაზვერვა
02/09/2022 10:21:36 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები საკადრო „შიმშილს“ განიციან, შესაბამისად, უკრაინაში საბრძოლველად 350 000-ზე მეტი ჯარისკაცს გაგზავნა არ შეუძლიათ.
”რუსეთის არმიაში ბევრი დანაყოფი მხოლოდ ობიექტების დაცვას ახორციელებს როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, რუსეთს დიდი კონტიგენტი ჰყავს სირიაში. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზების ფართო ქსელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის, სომხეთსა და ტაჯიკეთში, ჰყავს კონტინგენტი მთიან ყარაბაღში, ყაზახეთში“,– განაცხადა სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ და დასძინა, რომ რუსეთს მხოლოდ 300-350 ათასი სამხედროს გაგზავნა შეუძლია უკრაინაში.
მისი თქმით, მარტ-აპრილში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ კონტრაქტორები ჩაერთო, თუმცა საგრძნობლად შემცირდა კონტრაქტის გაფორმებისა და ომში წასვლის მსურველთა რიცხვი მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ოკუპანტებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის 191-ე დღის თავზე, ამ ომში რუსეთმა დაკარგა 48 700 სამხედრო, 2009 ტანკი, 1126 საარტილერიო სისტემა.
რუსული სამხედრო ძალის გამოფიტვასა და საბრძოლო განწყობის დაცემაზე საუბრობს ბრიტანული დაზვერვაც.
იხილეთ ასევე : „უკრაინელებს რაც გინდათ, ის უქენით“: კრემლი ომში პატიმრების შემდეგ უსახლკაროების გაგზავნას ცდილობს


