„უკრაინელებს რაც გინდათ, ის უქენით“: კრემლი ომში პატიმრების შემდეგ უსახლკაროების გაგზავნას ცდილობს
02/09/2022 09:17:14 მსოფლიო
პეტერბურგის ფრუნზენსკის რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომლები თავშესაფარ „ნოჩლეჟკაში“ და უსახლკაროებს და სამხედრო სამსახურისთვის ხელშეკრულებების გაფორმება შესთავაზეს,– ამის შესახებ „ქაღალდების“ ჟურნალისტებს საქველმოქმედო ფონდის პრეს–სამსახურის თანამშრომლებმა უამბეს.
მათი თქმით, თავშესაფარში საჯარო მოხელეები 17 აგვისტოს მივიდნენ. ისინი ორგანიზაციის ბენეფიციარებთან გასაუბრებას და ბუკლეტების დატოვებას ცდილობდნენ, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საკონტრაქტო სამსახურის შესახებ. თუმცა მორიგე თანამშრომელმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა და თავდაპირველად ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან გასაუბრება შესთავაზა.
რაიონის გამგეობის თანამშრომლები წავიდნენ, მაგრამ ცოტა მოგვიანებით თავშესაფართან ელექტრონული ფოსტით დაკავშირება სცადეს, რათა უსახლკაროებისთვის ბუკლეტები დაერიგებინათ.
”ჩვენ ყოველთვის ვიყავით რელიგიის და პოლიტიკის მიღმა, ასე რომ, ამ საკითხში ვერ დავეხმარებით,” - განაცხადა თავშესაფრის პიარმა ტატიანა ბაჟენოვამ.
ტელეგრამ–არხ "Ротонда"–ს რაიონის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს ვიზიტის შესახებ ცნობა, თუმცა ირწმუნებიან, რომ მსგავსი ოფიციალური ბრძანება არ ყოფილა და რომ ეს კერძო ინიციატივა იყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აქტიურად მიმდინარეობს ომში პატიმრების გაწვევა და რომ მათ გადაბირებაში აქტიურად არის ჩართული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია და დაკავშირებულია „ვაგნერთან“. გავრცელდა ცნობა მისი ვიზიტის შესახებ ივანოვოს რეგიონში განთავსებულ სამ კოლონიაში, სადაც მან 650 ადამიანის გადაბირება შეძლო. ამასთან, წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან უკრაინასთან ომისთვის როსტოვის ოლქის ორი გამოსასწორებელი კოლონიიდან ათასამდე პატიმარი გადაიბირა. თვითმხილველების თქმით, პრიგოჟინი კოლონიაში კერძო ვერტმფრენით გაფრინდა „ვაგნერის“კიდევ ერთ ხელმძღვანელთან დიმიტრი უტკინთან ერთად. არსებული ცნობებით, მათ ვიზიტამდე კოლონიის ადმინისტრაციამ ვიდეოკამერები გათიშა.
პრიგოჟინი პატიმრებს დაჰპირდა, რომ ვინც დათანხმდა უკრაინაში საბრძოლველად წასვლას, თავისუფლებას ექვს თვეში მიიღებდა, ხოლო საომარი მოქმედებების დროს შეუძლია, უკრაინელებს „ის უქნან, რაც უნდათ და ამისთვის პასუხს არ აგებენ“.
საყურადღებოა, რომ საკითხით დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონკრეტულ საქმეებზე დაყრდნობით, რამდენიმე დეტალი გაარკვიეს. კერძოდ, პატიმრების ციხიდან გაყვანა და ომში ჩართულობა იურიდიულად არ არის გაფორმებული. ამასთან, ომში დაჭრილი რამდენიმე პატიმარი კლინიკაში მეტსახელებით გააფორმეს, რაც მათ იურიდიულად იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა. ამდენად, არასამთავრობოები ოჯახის წევრებს აფრთხილებენ, რომ მათი ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი კომპენსაციას ვერ მიიღებს, ვერ დაადასტურებს რა მათ სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპვას. ამასთან, არც პრიგოჟინის დანაპირებია საიმედო მათი გათავისუფლების შესახებ, თუ ომს გადაურჩებიან.


