ზელენსკი ბაიდენთან საუბრის შემდეგ: "აგრესორზე გამარჯვების გზაზე უკრაინის შემდგომი ნაბიჯები განვიხილეთ"
25/08/2022 17:47:53 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პირველმა პირმა თეთრი სახლის ლიდერს ჯო ბაიდენს "უკრაინელი ხალხის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.
"აგრესორზე გამარჯვების გზაზე უკრაინის შემდგომი ნაბიჯები განვიხილეთ და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ", – წერს ზელენსკი.
24 აგვისტოს აშშ–მა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 2,98 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება უკვე გაუწია.


