აშშ უკრაინას დამატებით 2,98 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
24/08/2022 12:29:00 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 2,98 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"დახმარების ახალი პაკეტი საშუალებას მისცემს უკრაინას, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ბაიდენმა.
გუშინ The Associated Press ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ აშშ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს განაცხადებდა.
"დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს უკრაინული ძალების წვრთნას და აღჭურვას სამომავლო საჭიროებებისათვის, ასევე დაფინანსდება კონტრაქტები დრონების, იარაღისა და სხვა აღჭურვილობისთვის, რომლებიც შესაძლოა, ბრძოლის ველზე 1 ან 2 წლის შემდეგ გამოჩნდეს. დახმარების წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკრაინის სამომავლო თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად", – იტყობინებოდა The Associated Press.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.


