მზადება აშშ–ში უკრაინაში სამხედრო ტვირთის გაგზავნისთვის (ფოტო)
24/08/2022 06:39:06 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზადაა.
"305-ე Aerial Port Squadron–ის წევრები ხომალდზე ტვირთავენ სამხედრო ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად", – წერს უწყება სოციალურ ქსელში და აღნიშნილის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
"მუშაობა გრძელდება. ის არასოდეს ჩერდება. ჩვენი სამხედრო პერსონალი მუშაობს მთელი 24 საათის განმავლობაში, რათა უკრაინელ ხალხს ჰქონდეს აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა თავისი ქვეყნის დასაცავად", - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
ცოტა ხნის წინ აშშ-მ უკრაინას 775 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო,
"დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის "AGM-88" ტიპის მაღალსიჩქარიან ანტირადიაციულ რაკეტებს. უკრაინამ "AGM-88"–ები უკრაინული თვითმფრინავებით წარმატებით გამოიყენა. ეს რაკეტები საშუალებას აძლევს უკრაინას, მოძებნოს და გაანადგუროს რუსული რადარები“, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.
მისი ცნობით, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ვაშინგტონი კიევს "Scan Eagle"–ს ტიპის "დრონებს" უგზავნის.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე აშშ კიევისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს:
"დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს უკრაინული ძალების წვრთნას და აღჭურვას სამომავლო საჭიროებებისათვის, ასევე დაფინანსდება კონტრაქტები დრონების, იარაღისა და სხვა აღჭურვილობისთვის, რომლებიც შესაძლოა, ბრძოლის ველზე 1 ან 2 წლის შემდეგ გამოჩნდეს. დახმარების წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკრაინის სამომავლო თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად".


