მედია – აშშ უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის საჩუქრად რეკორდულ სამხედრო დახმარებას უმზადებს
23/08/2022 17:33:46 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე აშშ კიევისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, – იუწყება The Associated Press ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, ამერიკული მხარე შესაბამის განცხადებას ხვალ - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გააკეთებს.
"დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს უკრაინული ძალების წვრთნას და აღჭურვას სამომავლო საჭიროებებისათვის, ასევე დაფინანსდება კონტრაქტები დრონების, იარაღისა და სხვა აღჭურვილობისთვის, რომლებიც შესაძლოა, ბრძოლის ველზე 1 ან 2 წლის შემდეგ გამოჩნდეს. დახმარების წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკრაინის სამომავლო თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად", – იტყობინება გამოცემა.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.


