Accentnews.ge
სახდეპი – რუსეთ-საქართველოს საბორნე მიმოსვლაზე: აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის თავისუფალ მიმოსვლას მხარს უჭერს

სახდეპი – რუსეთ-საქართველოს საბორნე მიმოსვლაზე: აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის თავისუფალ მიმოსვლას მხარს უჭერს

23/08/2022 08:33:10 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება ერევნის ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის უახლოეს ხანებში საბორნე გადაზიდვები ამოქმედდება და მისით ტვირთების სომხეთში გადამზიდავები შეძლებენ სარგებლობას.

"აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. ამავდროულად, ვაშინგტონი მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიმოსვლას.

"უკრაინაში არაპროვოცირებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე და შემდეგ ამ სანქციების აღსრულებაზე შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ. აშშ მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის, მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის თავისუფალ მიმოსვლას, ასევე – ამ სექტორებში ვაჭრობის ხელშემწყობ საქმიანობას", – აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ამოქმდებაზე ინფორმაცია თავდაპირველად სომხურმა მხარემ გაავრცელა. კერძოდ, 12 აგვისტოს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების საბორნე გადაზიდვის დაწყებას ელის:

„ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“.

მოგვიანებით, საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ საზღვაო ტრანსპორტის დაწესების მოთხოვნით ქართულ მხარეს სომხეთმა მიმართა, ამის მიზეზი კი "ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადატვირთულობა გახდა".

"სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას. ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს. სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა:

"საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ტვირთების გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღვნიშნავ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“.

"ქართული ოცნების" ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სომხეთის მოთხოვნით გახსნილ სატრანზიტო დერეფანს რუსეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენებს. კერძოდ, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ „საქართველოს ხელისუფლება საშიშ თამაშს თამაშობს, რომელმაც შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი შელახოს“.

რას გულისხმობს რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა

საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ "კავკაზის" მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, საბაჟოები სატვირთო ნაკადს ვერ აუდიან. ქართული გზა "ზემო ლარსის" გავლით ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. საბორნე გადასასვლელი კი მის ალტერნატივას წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S