რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმია" დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან უკრაინელი ქალების კავშირს უარყოფს
22/08/2022 13:36:07 მსოფლიო
რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმია" ქვეყნიდან ნატალია ვოვკისა და სოფია შაბანის ევაკუაციის უზრუნველყოფას ადასტურებს, თუმცა დარია დუგინას აფეთქებასთან მათ უშუალო კავშირს უარყოფს.
"ჩვენი რუსი მეგობრების თხოვნით ნატალია ვოვკი და სოფია შაბანი წარმატებით არიან ევაკუირებული რუსეთიდან, ისევე, როგორც მანამდე სხვა რიგი პირები.
თუმცა 20 აგვისტოს დარია დუგინას საწინააღმდეგო აქციაში მათ უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ" - აცხადებს რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმია".
ცნობისთვის: ФСБ–მ დარია დუგინას აფეთქების ოპერაციის უშუალო შემსრულელებლებად უკრაინელი ნატალია ვოვკი და მისი ქალიშვილი სოფია შაბანი დაასახელა. ხოლო მათ დამკვეთად - უკრაინის სპეცსამსახურები. ФСБ–ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქალები ესტონეთში არიან გადასულები.
20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.


