Accentnews.ge
ФСБ–მ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

ФСБ–მ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

22/08/2022 12:03:07 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

"კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გახსნილია რუსი ჟურნალისტის, 1992 წ. დაბადებული დარია დუგინას საქმე. დანაშაული მომზადდა და ჩადენილ იქნა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ. მისი შემსრულებელია უკრაინის მოქალაქე, 1979 წ. დაბ. ნატალია პავლეს ას. ვოვკი, რომელიც რუსეთში 23 ივლისს ქალიშვილთან – სოფია მიხეილის ას. შაბანთან ერთად შემოვიდა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ქვეყანა პსკოვის ოლქის გავლით დატოვა და ესტონეთში გადავიდა” – ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ვერსიით, დუგინას ცხოვრების ნირის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და მისი მკვლელობის ორგანიზების მიზნით ხსენებულმა ქალმა მოსკოვში იმავე სახლში იქირავა ბინა, სადაც დუგინა ცხოვრობდა, მის სათვალთვალოდ კი იყენებდა ავტომანქანა Mini Cooper-ს, რომელსაც რუსეთში შესვლისას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სანომრე ნიშანი Е982ХН DPR ჰქონდა, მოსკოვში გადაადგილებისას – უკვე ყაზახური 172AJD02, ხოლო რუსეთიდან გასვლისას – უკრაინული AH7771IP. "მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი ესწრებოდნენ ფესტივალ “ტრადიციას”, რომელზეც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა” – აცხადებს რუსული უწყება და დასძენს, რომ საგამოძიებო მასალები რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S