კიევი დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს
21/08/2022 09:22:50 მსოფლიო
კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
"ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინას მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორსაც რუსეთი წარმოადგენს და მით უფრო ტერორისტული", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, რუსეთში "უკვე შიდა რღვევაა დაწყებული" და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის მომდევნო ხელისუფლებაში ადგილებისთვის იბრძვიან. ამავდროულად, პოდოლიაკის აზრით, მსგავსი ინციდენტები კრემლს რუსეთის მოსახლეობაზე ზეწოლისთვის ესაჭიროება, რათა ანტიუკრაინული განწყობები პიკზე შეინარჩუნოს და ქვეყანაში წარუმატებლად მიმდინარე ფარული მობილიზაციისთვის მოტივი შექმნას.
ცნობისთვის: მოსკოვის სიახლოვეს წუხელ აფეთქებას კრემლის მთავარი იდეოლოგის, პუტინის კონსულტანტ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია ემსხვერპლა, - იუწყება რუსული მედია.
გამოცემა "BAZA"-ს ცნობით, დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსული პროპაგანდისტული ტელეარხების ინფორმაციით კი, თავად ალექსანდრე დუგინიც იმ მანქანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში ჩაჯდა.
დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.


