აშშ უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს
09/08/2022 11:01:24 მსოფლიო
უკრაინაში კრემლის მიერ გაჩაღებულ ომში ჯამში 70-80 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაშავდა,– ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა განაცხადა და დასძინა, რომ საუბარია სავარაუდო დანაკარგებზე, როგორც დაღუპულებზე, ისე დაჭრილებზე.
მისივე თქმით, მიუღედავად მსგავსი დანაკარგებისა, რუსეთმა ვერ მიაღწია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს გამოცხადებულ ვერც ერთ მიზანს.
ივლისის ბოლოს, ამერიკული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა უილიამ ბერნსმა შეაფასა რუსეთის დანაკარგები უკრაინასთან ომში – 15000 დაღუპული და დაახლოებით 45000 დაჭრილი.
ბერნსის თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგები "სავარაუდოდ, შედარებით ნაკლებია".
მან აღნიშნა, რომ ეს დანაკარგები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. 22 ივლისს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ასობით სამხედროს კარგავს უკრაინასთან ომში, დაკარგა ათასობით ლეიტენანტი და კაპიტანი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
მოსკოვს ბოლო დროს უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ბოლოს 25 მარტს (რიგით მეორედ) გამოაქვეყნა მონაცემები რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაიღუპა 1351 რუსი სამხედრო და დაშავდა 3825.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 9 აგვისტოს მდგომარეობით, რუსმა ჯარებმა უკრაინაში 42 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს.ომის პირობებში ამ შეფასებების სისწორის გადამოწმება შეუძლებელია.
არსებობს ცნობები, რუსეთი ნაწილობრივ მობილიზაციას ახორციელებს ძირითადად შორეული და ღარიბი რეგიონებიდან და არა ცენტრალურ ქალაქებიდან. ასევე ფიქსირდება ომში პატიმრების ჩართვის ფაქტები.
იხილეთ ასევე: ჰოჯესი: „რუსები იფიტებიან, უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა და რუსული ძალა ჩამოიშლება“


