ტაივანი: "ტაივანის სრუტეში 68 ჩინური თვითმფრინავი და 13 ხომალდია შემოსული"
05/08/2022 11:56:04 მსოფლიო
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ტაივანის სრუტეში 68 ჩინური თვითმფრინავი და 13 ხომალდია შემოსული".
თავდაცვის უწყების ცნობით, ხომალდებისა და თვითმფრინავების ნაწილმა "ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი განზრახ გადაკვეთა".
სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ათამდე სამხედროგემმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კვლავ გადაკვეთა.
საუბარია არაფორმალურ გამყოფ ხაზზე, რომელიც მატერიკულ ჩინეთსა და ტაივანს შორისაა გავლებული.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ გუშინ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები 7 აგვისტოს დასრულდება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".
ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.
ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.
"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.


