Accentnews.ge
რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია

რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია

03/08/2022 10:44:20 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ოფიციალური ვიზიტით 2 აგვისტოს ეწვია. მან შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ტაივანის მიმართ აშშ–ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

რა თქვა პელოსიმ

ნენსი პალოსიმ ტაივანის პარლამენტს სიტყვით მიმართა და ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა.

დაგეგმილი იყო პელოსის შეხვედრა ტაივანის პარლამენტის სპიკერ იუ სი-კუნთან, მაგრამ ამერიკელ პოლიტიკოსს საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა ცაი ჩი-ჩანგმა უმასპინძლა, რადგან იუ სი-კუნს "კოვიდ–19" დაუდასტურდა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, იგი აშშ–სა და ტაივანს შორის საპარლამენტო დონეზე კავშირების გაღრმავების მომხრეა.

"ტაივანის ისტორია არის შთაგონების წყარო ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. თქვენ შექმენით აყვავებული, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი დემოკრატია, მსოფლიოში, რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი“, - განაცხადა პელოსიმ.

ამასთან, მან ტაივანში ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა:

„პირველი არის უსაფრთხოება – ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, გლობალური უსაფრთხოება; მეორე არის ეკონომიკა, მაქსიმალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და მესამე მთავრობებია".

მოგვიანებით, პელოსი ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა.

შეხვედრისას ამერიკელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ "აშშ ტაივანს არ მიატოვებს".

„ტაივანის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ამ მესიჯით ჩამოვედით ტაიბეიში“, - განაცხადა პელოსიმ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი აშშ-ის სანდო პარტნიორია და აშშ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს.

თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტმა აშშ–ის ურყევი მხარდაჭერის გამო პელოსის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ მსოფლიოს ყველა დემოკრატიასთან“, - მიმართა ტაივანის პრეზიდენტმა აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და დასძინა, რომ "მიუხედავად გაზრდილი საფრთხისა, ტაივანი უკან არ დაიხევს".

ჩინეთის რეაგირება პელოსის ვიზიტზე

ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.

ამასთან, ჩინეთში აშშ–ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, "ვაშინგტონი გადაიხდის ფასს ტაივანში პელოსის ვიზიტისთვის".

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, განაცხადა, რომ ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს. როგორც ჩინეთის მთავრობაში აღნიშნეს, 3 აგვისტოდან აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და ტაივანიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი.

გარდა ამისა, პეკინმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დააანონსა, რომელიც 5–7 აგვისტოს გაიმართება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".

ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.

ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

რატომ ჩავიდა პელოსი ტაივანში

პელოსი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ტაივანის დემოკრატიის ერთგულია.

„ჩვენ არ შეგვიძლია განზე გადგომა მაშინ, როდესაც CCP ტაივანს ემუქრება“, - განაცხადა პელოსიმ და "ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე" მიუთითა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან, ვაშინგტონი ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო მხარდამჭერია.

ტაიბეი არის პელოსის ინდო-წყნარი ოკეანის ტურნეს მესამე გაჩერება, რომელიც მანამდე მოიცავდა ვიზიტებს სინგაპურსა და მალაიზიაში, ასევე დაგეგმილია პელოსის ვიზიტები სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

რუსეთის რეაქცია პელოსის ტაივანში ვიზიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პელოსის ვიზიტს "არასაჭირო და პროვოკაციული" უწოდა.

„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას ნიშნავს“, - განაცხადა ლავროვმა.

გერმანიის კრიტიკა ჩინეთის ხელისუფლების მიმართ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი პელოსის ტაივანში ვიზიტზე ჩინეთის რეაგირებას გამოეხმაურა და ჩინეთის მუქარა ტაივანის მიმართ შეადარა უკრაინის მიმართ რუსეთის მუქარას, ვიდრე ეს უკანასკნელი ქვეყანაში შეიჭრებოდა.

”ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, 24 თებერვლიდან ჩვენ მტკივნეულად გავიგეთ, რომ აგრესიულმა რიტორიკამ შეიძლება, გამოიწვიოს საშიში ქმედებები", – განაცხადა ბაერბოკმა.

ბაერბოკის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანგ ლუტონგი და აღნიშნა, რომ გერმანელი დიპლომატის შეფასება "მცდარია" და რომ, "ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა".

სტატია მომზადებულია DW-ს, Reuters–ისა და AP–ს მიხედვით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S