აშშ–მა ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარა
05/08/2022 09:52:19 მსოფლიო
აშშ–მა ჩინეთის ელჩი ცინ განგი თეთრ სახლში დაიბარა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს - შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე", – განაცხადა კირბიმ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ გუშინ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაიწყო. წვრთნები 7 აგვისტოს დასრულდება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".
ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.
ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.
"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.


