ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
04/08/2022 05:45:00 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".
ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.
ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.
"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.


