
მეუფე გრიგოლი – ილია მეორისადმი კირილის მიმართვაზე: "ეს პირველი შემთხვევა არ არის და მძიმე მოვლენაა"
02/08/2022 18:39:28 საზოგადოება
ეს პირველი შემთხვევა არ არის და მძიმე მოვლენაა,– ასე ეხმიანება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული არასრულად მოხსენიებას.
მეუფე ფიქრობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება დასაგმობია:
"მე თქვენგან [ჟურნალისტები] ვღებულობ ამ ინფორმაციას და ამდენად, თუ ეს ასე არის, ეს არის არასწორი და ეს არის დასაგმობი, რა თქმა უნდა. ასეთ ვითარებაში იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რა ხდება ხოლმე და როგორ რეაგირებენ, მაგრამ ეს მოვლენა არის ძალიან მძიმე. ეს პირველი შემთხვევა არ არის".
რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც საქართველოს პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.
"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქს სრულიად საქართველოსი", - ასე მიმართავს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქი.
სამძიმრის წერილი ეხება 30 ივლისს მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს (ხუფენია) გარდაიცვალებას.
თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე საქართველოს საპატრიარქოსგან ითხოვს, ოფიციალურად გააპროტესტონ ეს "შეურაცხმყოფელი წერილი და მასში წარმოდგენილი საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულატურის დემონსტრაციულად, დამამცირებელი მოხსენიება".