უკრაინა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალების საცავებისა და ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება
13/07/2022 03:17:11 მსოფლიო
უკრაინა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალების საცავებისა და ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება.
კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, იერიში ამჯერად ნოვოპეტრივკას რაიონში განხორციელდა.
„ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში“, - აღნიშნულია სარდლობის ინფორმაციაში.
მისი მონაცემებით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა, „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი.
12 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


