
კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მატების პიკს შემოდგომისთვის ველოდებით – ცერცვაძე
05/07/2022 18:26:10 საზოგადოება
წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აქვეყნებს.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID–ის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.
„თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და COVID შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის.
ამიტომ, თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში. მაშინაც კი, თუ COVID შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიკვდილობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე. ამისთვის კი აუცილებელია შემდეგი: ომიკრონის შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან. ამიტომ, აუცილებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“, – აცხადებს ცერცაძე.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი შესაბამის კლინიკებს მიმართავს და მოუწოდებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „რემდესივირი“ ან „პაქსლოვიდი“.
იხილეთ ასევე: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა იმატა – ერთი კვირის სტატისტიკა
კლინიკაში საწოლების რაოდენობაზე 2-ჯერ მეტი კოვიდ-პაციენტი გვყავს - რატიანი