ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების დაბლოკვას არ გამორიცხავს
01/07/2022 06:23:56 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების დაბლოკვას არ გამორიცხავს.
"თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია, დაბლოკოს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის მიღება, თუ ეს ქვეყნები შეთანხმებას არ შეასრულებენ", – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, თუ თურქეთის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ნატო–ში ფინეთის და შვედეთის შესვლას, პროცესი ვერ დასრულდება, ამიტომ ამ ქვეყნებმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ.
როგორც მან აღნიშნა, ანკარა ყურადღებით დააკვირდება მემორანდუმის შესრულებას და შემდგომ ნაბიჯებს ამის მიხედვით გადადგამს.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ერდოღანმა თურქეთის მიერ რთული მოლაპარაკებების შედეგად მოპოვებული დიპლომატიური გამარჯვება უწოდა ფინეთსა და შვედეთთან გაფორმებულ მემორანდუმს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, "ანკარამ თავისი პოზიციით აჩვენა, რომ ტერორიზმის საკითხი მისთვის "წითელი ხაზია".
თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ნატო–ს მადრიდის სამიტზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შვედეთი თურქეთს 73 „ტერორისტის“ გადაცემას დაჰპირდა.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო–ში შესვლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ შვედეთი და ფინეთი მფარველობენ „ტერორისტებს, რომლებსაც ანკარა ებრძვის". 28 ივნისს მადრიდში ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის ფარგლებში სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, შვედეთი და ფინეთი კი გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს შიდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. მემორანდუმის ხელმოწერიდან მეორე დღეს, 29 ივნისს ნატო–ს ლიდერებმა შვედეთი და ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს.
ნატო–ს წევრებად შვედეთის და ფინეთის მიღების ოქმები 5 ივლისს უნდა გაფორმდეს. ამის შემდეგ ოქმების რატიფიცირება უნდა განახორციელოს ალიანსის წევრი 30-ვე სახელმწიფოს პარლამენტმა.
ამავე თემაზე: რას შეცვლის ფინეთ–შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება.


