რას შეცვლის ფინეთ–შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება
29/06/2022 07:16:28 მსოფლიო
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ნატო–ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. ალიანსში ხსენებული ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა გუშინ მადრიდში მიმდინარე ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი დათანხმდა, არ დაბლოკოს ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება.
![]()
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის შეთანხმების მიღწევა "ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის პრეზიდენტ პუტინს, რომ ნატო–ს კარი ღიაა".
"გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ იგი ნატო–ს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგი იყო. მას ნაკლები ნატო სურდა, ახლა პრეზიდენტი პუტინი უფრო მეტ ნატო–ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან. ასე რომ, ის, რასაც იგი იღებს, არის საპირისპირო იმისა, რასაც იგი რეალურად მოითხოვდა – და ეს იყო ნატო–ს კარების დახურვა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნატო–ს კარი ღიაა", – განაცხადა სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანში შეუერთდებიან ფინეთი და შვედეთი ნატო–ს, გენმდივნის აცხადებს, რომ ამჟამად უნდა დაიწყოს რატიფიცირების პროცესი ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებში.
"ეს 30–მა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ვიცი, რომ ბევრმა პარლამენტმა უკვე დაიწყო პროცესი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს ძლიერი ნება, რაც შეიძლება მალე მოხდეს რატიფიცირება", – დასძინა სტოლტენბერგმა.
რატომ მიიღეს შვედეთმა და ფინეთმა ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ახლა?

შვედეთის პრემიერ მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანნა მარინი.
უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა შეარყია სტაბილურობის განცდა ჩრდილოეთ ევროპაში, რის გამოც შვედეთი და ფინეთი დაუცველად გრძნობენ თავს.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები ბევრ ფინელს წარსულს ახსენებს, როდესაც 1939 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი ფინეთში შეიჭრა. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ფინეთის არმია სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ფინელებმა თავი აარიდეს ოკუპაციას, მაგრამ საბოლოოდ ტერიტორიის 10% დაკარგეს.
ფინეთ-რუსეთის საზღვრის ჯამური სიგრძე 1340 კმ-ია.
ბოლო წლებში რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის რამდენიმე დარღვევის გამო შვედეთიც საფრთხის ქვეშ გრძნობდა თავს. გარდა ამისა, 2014 წელს გავრცელდა ცნობები, რომ რუსული წყალქვეშა ნავი იმალებოდა სტოკჰოლმის არქიპელაგის წყლებში.
რა შეიცვლება?
1994 წელს შვედეთი და ფინეთი ნატო–ს ოფიციალური პარტნიორები გახდნენ და მას შემდეგ ალიანსის კონტრიბუტორები არიან. მათ მონაწილეობა მიიღეს ნატო–ს რამდენიმე მისიაში ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ალიანსში გაწევრიანების შემდეგ ორ ქვეყანას პირველად ექნება უსაფრთხოების გარანტიები ბირთვული სახელმწიფოებისგან ნატო–ს მე-5 მუხლის მიხედვით, რომელიც ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას განიხილავს, როგორც თავდასხმას ალიანსის ყველა სახელმწიფოზე. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ როგორც კი ისინი შეუერთდებიან ალიანსს, ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდება "ნატო–ს ტბა", რომელიც ესაზღვრება ალიანსის 8 წევრ სახელმწიფოს.
რაც შეეხება ფინეთის სამხედრო შესაძლებლობებს, 1992 წელს ქვეყანამ 64 ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა. სამი წლის შემდეგ ის შეუერთდა ევროკავშირს შვედეთთან ერთად. ქვეყნის არმიას, რომელიც ემსახურება 5,5 მილიონ მოსახლეობას, აქვს ომის დროს 280 000 ჯარისკაცისა და 900 000 რეზერვისტის მობილიზების შესაძლებლობა.
ფინეთისაგან განსხვავებით, შვედეთმა სხვა კურსი აიღო – 1990-იან წლებში ქვეყანამ შეამცირა არმიის მოცულობა და შეცვალა პრიორიტეტები ტერიტორიული თავდაცვიდან დაწყებული სამშვიდობო მისიებით დამთავრებული. თუმცა ამ ყველაფერზე გავლენა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ შვედეთმა კვლავ დაიწყო მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა და თავდაცვის ხარჯებიც გაიზარდა.
ფინეთმა უკვე მიაღწია ნატო–ს მიერ შეთანხმებულ თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ს და შვედეთმა კი დასახა გეგმები აღნიშნული მაჩვენებლის მისაღწევად.
რა რისკების წინაშე დგანან შვედეთი და ფინეთი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ნატო–ს გაფართოება პირდაპირი საფრთხეა მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება კრემლის მიერ პროვოკაციად იქნება აღქმული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ორივე ქვეყანა გაფრთხილებულია ასეთი ნაბიჯის „შედეგების“ შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, გააფრთხილა შვედეთ–ფინეთი, რომ ამ ქვეყნების ნატო–ში გაწევრიანებამ შესაძლოა, აიძულოს მოსკოვი განათავსოს ბირთვული იარაღი კალინინგრადში – პოლონეთსა და ლიეტუვის შორის მდებარე რუსეთის ექსკლავში.
ფინეთის საგარეო საქმეთა ექს–მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა არ უგულებელყო ეს საფრთხეები, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო რეალისტური რისკები რუსული კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებთან იქნება დაკავშირებული.
/მომზადებულია BBC-ს მიხედვით.


