სტოლტენბერგი განმარტავს, რას დაჰპირდა ნატო უკრაინას
29/06/2022 14:03:48 მსოფლიო
მადრიდში ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ნატო სამიტის დეკლარაციას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, მათ შორის უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებულ პაკეტზე.
"შევიმუშავეთ მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი უკრაინისთვის. ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, გააუმჯობესებს უკრაინის კიბერთავდაცვას და მდგრადობას და ხელს შეუწყობს თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას გარდამავალ პერიოდში გრძელვადიანი თავსებადობის გასაძლიერებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და მხარს დავუჭერთ მის ძალისხმევას ომის შემდგომი აღდგენისა და რეფორმების გზაზე", – აღნიშნულია დეკლარაციაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სოლტენბერგმა განმარტა, კონკრეტულად რას დაჰპირდა ნატო უკრაინას.
მისი თქმით, ეს დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
როგორც მან განაცხადა, უკრაინა ნატო–სგან მიიღებს:
- უსაფრთხო კომუნიკაციების უზრუნველყოფას;
- საწვავს;
- სამედიცინო მარაგს;
- ჯავშანჯილეტებს;
- აღჭურვილობას ნაღმების და ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების დასაძლევად;
- ანტიდრონის პორტატულ ასობით სისტემას.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება უკრაინას საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან ნატო–ს თანამედროვე აღჭურვილობაზე გადასვლაში.
"ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს ერთგულებას უკრაინის მომავლის მიმართ და რომ ჩვენი ერთულება ურყევია. ძლიერი დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის სტაბილურობისთვის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


