მადრიდის სამიტის დეკლარაცია: "რუსეთმა უკრაინაში ომი და ბელარუსმა ამ ომში თანამონაწილეობა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ"
29/06/2022 13:32:29 მსოფლიო
ნატო მადრიდში ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სამიტის დეკლარაციას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, მათ შორის ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკასა და პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
ალიანსის ლიდერების აღნიშნავენ, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნატო–ს უსაფრთხოებას და რომ, მათი ერთგულება ნატო–ს წესდების მე-5 მუხლის მიმართ ურყევია:
"ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენი ერთგულება ნატო–ს წესდების მე-5 მუხლის მიმართ ურყევია. ჩვენ დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ერთგულნი ვართ და ვიცავთ საერთაშორისო სამართალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი".
ნატო–ს ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი და ბელარუსმა ამ ომში თანამონაწილეობა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ:
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. რუსეთის შემზარავმა სისასტიკემ გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მასიური გადაადგილებები. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა. მოკავშირეები მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა პასუხი აგონ ომის დანაშაულების ჩამდენმა პირებმა. გარდა ამისა, რუსეთმა მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელს მსოფლიოში. მოკავშირეები მჭიდროდ მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ხოლო ბელარუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში".
ნატო–ს ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი შეიმუშავეს:
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. [...] ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ის აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას რუსული აგრესიისგან. შევიმუშავეთ მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი უკრაინისთვის. ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, გააუმჯობესებს უკრაინის კიბერთავდაცვას და მდგრადობას და ხელს შეუწყობს თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას გარდამავალ პერიოდში გრძელვადიანი თავსებადობის გასაძლიერებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და მხარს დავუჭერთ მის ძალისხმევას ომის შემდგომი აღდგენისა და რეფორმების გზაზე".
სამიტის დეკლარაციაში საუბარია ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე:
"ჩვენ მივიღეთ ახალი სტრატეგიული კონცეფცია. იგი აღწერს უსაფრთხოების გარემოს, რომელიც ალიანსის წინაშე დგას, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ღირებულებებს და ასახავს ნატო–ს მთავარ მიზანს და უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფისთვის. იგი შემდგომში აყალიბებს ნატოს სამ ძირითად ამოცანას
- შეკავება და თავდაცვა;
- კრიზისის პრევენცია და მართვა;
- კოოპერატიული უსაფრთხოება;
მომავალ წლებში ეს კონცეფცია წარმართავს ჩვენს მუშაობას ჩვენი ტრანსატლანტიკური სოლიდარობის სულისკვეთებით".
დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ნატო "ღია კარის" პოლიტიკის ერთგულია":
"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო–ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური საზრუნავი სათანადოდ განხილული იყოს. ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ნატო–ს –უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ ზონას – უფრო უსაფრთხოს".
დეკლარაციაში, მათ შორის საქართველოზე არის საუბარი:
"ჩვენ მადრიდში შევხვდით ნატო–ს ბევრ პარტნიორს. ჩვენ გვქონდა გვქონდა საუბრები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან, ასევე – ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე – ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ზომების თაობაზე, რათა გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა გავაძლიეროთ მათი მთლიანობა და მედეგობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა", – ნათქვამია ალიანსის ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში.


