
სტატუსის მოლოდინში მყოფმა უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
23/06/2022 06:13:51 ევროპა
ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებს – ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს შორის.
ევროპული საბჭოს შეხვედრა, ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის მეთაურის მონაწილეობით დღეს, 23 ივნისს ბრიუსელში იწყება.
ზელენსკიმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ განიხილეს ევროპული საბჭოს შეხვედრა და მოუთმენლად ელიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ.
უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ "ტვიტერზე" წერს მოლდოვის პრეზიდენტიც. მაია სანდუს ცნობით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი ჰქონდა და განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაციები მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. სანდუს განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობას განამტკიცებენ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ სანდუს ტელეფონით პირველად ესაუბრა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მოლდოვამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე და უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებლების, „მიგ 29“-ის მიყიდვაზე.
17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. მათ შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე.