სებ: "გამოვრიცხავთ, სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს"
16/06/2022 10:52:39 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავენ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს.
"ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს", -ნათქვამია ეროვნული ბანკის მერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს.
ცნობისთვის: უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია აცხადებს, რომ "რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიან, ამისთვის კი ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ". ამის შესახებ მან ვაშინგტონში "მარშალის ფონდის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არახამიას თქმით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, ქართულ კომპანიებს და ა.შ", რათა დასავლეთის სანქციების რეჟიმს გვერდი აუაროს.
"თუ შენ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხან ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას", - დასძინა არახამიამ.
ამასთან, მან მოუწოდა ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა "სანქციებისგან თავის არიდების საშუალება არავის მიეცეს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გააჟღერა. ქართული მხარე კიევის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.


