"რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ"
16/06/2022 07:45:07 პოლიტიკა
უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია აცხადებს, რომ "რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიან, ამისთვის კი ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ". ამის შესახებ მან ვაშინგტონში "მარშალის ფონდის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არახამიას თქმით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, ქართულ კომპანიებს და ა.შ", რათა დასავლეთის სანქციების რეჟიმს გვერდი აუაროს.
"თუ შენ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხან ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას", - დასძინა არახამიამ.
ამასთან, მან მოუწოდა ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა "სანქციებისგან თავის არიდების საშუალება არავის მიეცეს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გააჟღერა. ქართული მხარე კიევის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.


