"ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია"
16/06/2022 10:36:12 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ამერიკული იარაღი უკრაინას დაეხმარება, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი. ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ", - განაცხადა რეზნიკოვმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
ამავე თემაზე: რა შეიარაღებას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


