რა შეიარაღებას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი
15/06/2022 17:48:27 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
სამხადერო დახმარების პაკეტი მოიცავს:
- 18 ერთეული ჰაუბიცა;
- 36 000 ჰაუბიცას ჭურვი;
- 18 ერთეული ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება;
- დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
- 4 ერთეული ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილობის აღსადგენად;
- სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა;
- Harpoon–ის ტიპის 2 სარაკეტო სისტემა;
- ათასობით უსაფრთხო რადიო;
- ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობა;
გარდა ამისა, პაკეტი ითვალისწინებს ტრენინგის, აღჭურვილობის მოვლის, შენარჩუნებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას 5.6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკვე გაუწია.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


