
„მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი"
15/06/2022 16:59:15 საზოგადოება
„მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლოვანებისა არ ყოფილა“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა და დასძინა, რომ პრეზიდენტის "პოსტში" მის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა "გაუგებარია".
„პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტი და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი: – დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია, კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
დეკანოზის კომენტარი პირველად ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.
დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საპატრიარქოს პრეს–მდივანმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენოს პრეზიდენტი და პატრიარქი". სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის თხოვნა პირადი ხასიათის იყო, რომ პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და არც კატეგორიული მოთხოვნა ჰქონია.