
პრეზიდენტი საპატრიარქოს პრესმდივანს აკრიტიკებს: "უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი"
15/06/2022 13:44:21 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის თხოვნა პირადი ხასიათის იყო და რომ პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და არც კატეგორიული მოთხოვნა ჰქონია.
"პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!", – აცხადებს პრეზიდენტი.
მანამდე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება "ვერ მოხერხდა". დეკანოზის კომენტარი პირველად, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.