შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამო მოსკოვი კიევს კვლავ ემუქრება
06/06/2022 12:42:42 მსოფლიო
მოსკოვი კვლავ იმუქრება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების საპასუხოდ შესაბამის ზომებს მიიღებს.
"რაც უფრო დიდი იქნება კიევისთვის მიწოდებული სისტემების დიაპაზონი, მით უფრო შორს გავიყვანთ ნაცისტებს იმ ხაზიდან, საიდანაც შეიძლება, მოდიოდეს საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ", – განაცხადა ლავროვმა.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების მიზანი ომის "დიდხანს გაჭიანურებაა".
"აშშ რასაც აწვდის უკრაინას, ახალი არაფერია. რაც შეეხება უფრო გრძელი დიაპაზონის სისტემების გაგზავნას, თუ ისინი მიეწოდება კიევს, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისი გვაქვს, იმ სამიზნეების დასარტყმელად, რომლებსაც ჯერ არ ვურტყამთ”, – განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო და აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს უგზავნიან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


