პუტინის მუქარის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს უგზავნის
06/06/2022 05:20:41 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს უგზავნის, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, თავდაპირველად უკრაინაში სამი M270 ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა გაიგზავნება.
M270–ს წუთში 12 ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტის გასროლა შეუძლია. სისტემას მოწინააღმდეგის სამიზნეებზე 50 მილის (80 კმ) მანძილზე ზუსტი დარტყმის მიყენების შესაძლებლობა აქვს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსეთისგან თავდაცვაში დაეხმარება:
„როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ".
როგორც BBC იუწყეება, უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენების შესწავლის მიზნით წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების მიზანი ომის "დიდხანს გაჭიანურებაა".
"აშშ რასაც აწვდის უკრაინას, ახალი არაფერია. რაც შეეხება უფრო გრძელი დიაპაზონის სისტემების გაგზავნას, თუ ისინი მიეწოდება კიევს, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისი გვაქვს, იმ სამიზნეების დასარტყმელად, რომლებსაც ჯერ არ ვურტყამთ”, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


