რა შეიარაღებას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 700 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი
02/06/2022 08:06:44 მსოფლიო
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოლინ კალი განმარტავს, რა შეიარაღებას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 700 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი.
სამხადერო დახმარების პაკეტი მოიცავს:
- 4 ერთეული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS);
- 5 ერთეეული არტილერიის საწინააღმდეგო რადარი;
- 2 ერთეული საჰაერო მეთვალყურეობის რადარი;
- 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“.
- 50 გამშვები დანადგარი;
- ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო 6000 იარაღი;
- 15 000 საარტილერიო ჭურვი;
- Mi-17 ტიპის 4 ვერტმფრენი;
- 15 ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება.
როგორც კოლინ კალმა აღნიშნა, HIMARS მაღალი სიზუსტისა და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემაა.
"უკრაინისთვის ჩვენ მიერ მოწოდებულ "ჰაუბიცებს" აქვთ დაახლოებით 30კმ–იანი დიაპაზონი; HIMARS-ებს აქვთ ორჯერ მეტი – დაახლოებით 70კმ–მდე დიაპაზონი. ეს არის ზუსტი მართვადი სისტემები უფრო მეტი დიაპაზონით. ვფიქრობთ, რომ ეს სისტემები კიევისთვის ძალიან სასარგებლო იქნება", – განაცხადა კოლინ კალმა.
მისი თქმით, სანამ ამ შეიარაღების ტრანსფერი მოხდება, შეერთებული შტატები უკრაინელებს HIMARS–ს ტიპის სისტემაზე ტრენინგს ჩაუტარებს:
„ეს, რა თქმა უნდა, ის სისტემებია, რომლებზეც უკრაინელებმა უნდა გაიარონ წვრთნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით, 3 კვირა დასჭირდება. მათ უნდა იცოდნენ არა მხოლოდ როგორ გამოიყენონ სისტემები, არამედ, რა თქმა უნდა, როგორ შეინარჩუნონ ისინი, ვგულისხმობ ტექნიკურ მოვლას და მსგავს საკითხებს".
კოლინ კალი აცხადებს, რომ "სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი სავარაუდოდ, ბოლო არ იქნება":
”ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან და გავზრდით დამატებით ხელმისაწვდომ სისტემებსა და შესაძლებლობებს მისი თავდაცვის მხარდასაჭერად”.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას 4.6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკვე გაუწია.
ცოტა ხნის წინ კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დამატებით 40 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას უკრაინის მხარდასაჭერად.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


