ბლინკენი: "უკრაინამ დაგვარწმუნა, რომ ამერიკულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმებისთვის არ გამოიყენებს"
01/06/2022 16:12:53 მსოფლიო
აშშ–ში აცხადებენ, რომ კიევი ვაშინგტონს ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე არგამოყენებას დაჰპირდა. ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ნატო–ს გენმდივალ იენს სტომტენბერგთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინამ დაგვარწმუნა, რომ აშშ-ის მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან არის ძლიერი ნდობის კავშირი“, - განაცხადა ბლინკენმა.
შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.
HIMARS–ები უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას. ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


