ქართველი მებრძოლი სევეროდონეცკიდან: "რუსებს უკან უნდა დავახევინოთ, ეს ქართველების ომიცაა"
03/06/2022 19:59:20 მსოფლიო
ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ კაკალიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ქართველების ომიცაა.
"რუსებს უკან უნდა დავახევინოთ. ამას ერთი დღე დასჭირდება, ერთი თვე, თუ ერთი წელიწადი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ. ეს ქართველების ომიცაა", - განაცხადა ზურაბ კაკალიძემ Reuters–სთან საუბრისას.
უცხო ქვეყნის კიდევ ერთმა მოხალისემ, რომელმაც, გამოცემის ცნობით, ვინაობა არ დაასახელა, აღნიშნა რომ უკრაინაში ხალხის დასაცავად იბრძვის.
"მე აქ ხალხის დასაცავად მოვედი და მხოლოდ გამარჯვებით წავალ. დიდება უკრაინას", - განუცხადა მან გამოცემას პორტუგალიურ ენაზე.
ცოტა ხნის წინ უკრაინამ სევეროდონეცკში რუსების მიერ აღებული ტერიტორიის ნაწილის დაბრუნების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. შესაბამისი განცხადება ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი გაიდაიმ გააკეთა:
"აქამდე რუსული ძალები სევეროდონეცკის დაახლოებით 70%–ს აკონტროლებდნენ, ახლა ჩვენ დავიბრუნეთ ამ დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20%",
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ძალები ქალაქზე შეტევას კვლავ აგრძელებენ.
რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ უკრაინაში ამ ქვეყნის დასახმარებლად არაერთი ეროვნების მოხალისე ჩავიდა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მიწაზე 12 ქართველი მოხალისე დაიღუპა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


