გაიდაი: "სევეროდონეცკში რუსების მიერ აღებული ტერიტორიის 20% დავიბრუნეთ"
03/06/2022 19:34:19 მსოფლიო
უკრაინა სევეროდონეცკში რუსების მიერ აღებული ტერიტორიის ნაწილის დაბრუნების თაობაზე იუწყება. შესაბამისი განცხადება ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი გაიდაიმ გააკეთა.
"აქამდე რუსული ძალები სევეროდონეცკის დაახლოებით 70%–ს აკონტროლებდნენ, ახლა ჩვენ დავიბრუნეთ ამ დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20%", – აცხადებს გაიდაი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ძალები ქალაქზე შეტევას კვლავ აგრძელებენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


