„პროდუქციის გაიაფება წარმოუდგენელია“ – ბიზნესის მოლოდინები
03/06/2022 13:04:05 ეკონომიკა
თითქმის ერთი წელია, საქართველოში ფასები ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება. 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა. ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ფასების ზრდის დონის შემცირება წლის ბოლოდან დაიწყებოდა, ნეგატიური განწყობა ანაცვლებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფასებზე დამატებით წნეხს, მათ შორის, კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებაც გამოიწვევს.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ წლის განმავლობაში ფასების ზრდა ყველაზე მეტად მოთხოვნად პროდუქტს და სერვისს შეეხო:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 22%-ით:
-
- ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1%),
- პური და პურპროდუქტები (34.5%),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5%),
- ხილი და ყურძენი (23.3%),
- თევზეული (19.4%),
- ზეთი და ცხიმი (17.7%),
- ყავა, ჩაი და კაკაო (16.8%),
- რძე, ყველი და კვერცხი (16.0%),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4%),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%);
ტრანსპორტის - 20%-ით:
-
- ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2%),
- სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0%);
საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის - 16,1%-ით:
-
- ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2%),
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6%),
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2%).
სასტუმროები, კაფეები, რესტორნები – 12, 6%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 9,2%.
უნდა აღინიშნოს, მოსახლეობის შემოსავლების 40% სწორედ სურსათზე მოდის და იმის გათვალისწინებით, რომ ფასების ზრდის პარალელურად ხელფასები არ იზრდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ყოველთვიურად მნიშვნელოვნად მცირდება.
ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს ბიზნესსაც: იმპორტიორები იმედოვნებენ, რომ თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, არსებული ფასების შენარჩუნება მოხერხდება, თუმცა ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი რყევები მათ მსგავს იმედს უფრო და უფრო უქარწყლებს:
„ფასების გაიაფება წარმოუდგენელია. თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, ჩვენი მთავარი მიზანი ფასების შენარჩუნება იქნება. საერთაშორისო გადაზიდვებზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა: თუ მაგალითად, კონკრეტული პროდუქტის იმპორტი 2000$ ღირდა, დღეს 3 500$–ის ფარგლებშია. საერთაშორისო ბაზარზეც შეინიშნება სხვადასხვა პროდუქციის ფასებზე მაღალი ცვლილებები, მათ შორის ზეთზე. თუ ფიქსირებული გადასახადი სადღაც 1 წლის წინ 130$–ის დოლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეს 500$–ის ფარგლებშია“,– ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია.
ნეგატიურია ადგილობრივი მწარმოებლების მოლოდინებიც, უძვირდება რა კომერციულ სექტორს გაზი, რაც ზაფხულიდან სხვადასხვა პროდუქციის ფასზე აისახება.
„თუ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოიმატებდა გაზის ფასი, ნამდვილად არ ველოდით. ბუნებრივია, ახალი ტარიფის ამოქმედების შემდეგ ფასების ზრდა დაიწყება, რადგან ყოველ მსგავს რეაქციაზე ფასს ყოველდღიურად ვერ შეცვლი. მარცვლეულზეც ველოდებით ფასის ზრდას“– ამბობს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ინფლაციაზე ორიოდ დღის წინ ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც, თუმცა საგარეო ფაქტორებზე აქცენტით.
კობა გვენეტაძის თქმით, იმის გამო, რომ პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა, პროგნოზების გაკეთება მაინც რთულია, თუმცა საშუალო ინფლაცია სავარაუდოდ, 9.5%, ხოლო წლიური ინფლაცია დაახლოებით 8.5% იქნება:
"სამწუხაროდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ის პრობლემები კვლავ უკან დააბრუნა, რომლებიც პანდემიამ მოიტანა. მოგეხსენებათ, ეს არის მიწოდების ჯაჭვები, მაღალი ფასები გადაზიდვებზე. რუსეთი და უკრაინა სასაქონლო ბაზრებზე ისეთი პროდუქტების მნიშვნელოვან მიმწოდებლებს წარმოადგენენ, როგორიცაა, ხორბალი, მზესუმზირა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტები. ამან ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შექმნა. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის სურსათის ინდექსი აპრილის მდგომარეობით, 30%-ით არის გაზრდილი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია".
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მიუხედავად ფასების რეკორდული ზრდისა, სერვისებზე მოთხოვნა შემცირებული არაა, მეტიც, რიგ შემთხვევაში მზარდია. მათ შორის, გაზრდილია სესხის აღებაზე მოთხოვნა. ამ ვითარებას კი რამდენიმე გარემოებით ხსნიან: პანდემიის დროს დაგროვილი მოთხოვნების რეალიზება და მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს გაზრდილ მოთხოვნას, ხოლო გაზრდილი მოთხოვნა – ფასის მატებას. იყო მოლოდინი მიგრანტთა გაზრდილი ტალღა ლარის კურსს დაასტაბილურებდა, თუმცა მსგავსი ინდიკატორები არ შეინიშნება: ბოლო დღეებია, ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურებას განაგრძობს.
იხილეთ ასევე: „გაუგონარი გადაწყვეტილება მივიღეთ“ – ლარის კვლავ გაუფასურებას პროგნოზირებენ
სპეციალისტები მიუთითებენ კიდევ ერთ გარემოებაზე – ამერიკის და ევროპის ცენტრალური ბანკები იწყებენ სესხებზე პროცენტის გაძვირებას, რაც სავარაუდოდ, ლარზეც მოახდენს გავლენას და უცხოურ ვალუტაში სესხებს კიდევ მეტად გააძვირებს.


