„გაუგონარი გადაწყვეტილება მივიღეთ“ – ლარის კვლავ გაუფასურებას პროგნოზირებენ
31/05/2022 12:57:49 ეკონომიკა
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სპეციალისტთა ნაწილი ნეგატიური პროცესის გაგრძელებას პროგნოზირებს და მასში ბრალს ეროვნულ ბანკს სდებს. კერძოდ, 30 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9546 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 11.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ღირებულებამ 3.1833 ლარი შეადგინა. მანამდე, 24 მაისის ეროვნულმა ბანკმა ვაჭრობის შედეგად 10 მლნ დოლარი შეისყიდა, ანუ ბაზრიდან უკან ამოიღო და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა. მათ შორის, სწორედ ამ გადაწყვეტლებას უკავშირებენ სპეციალისტები ლარის მკვეთრ გაუფასურებას.

„ქვეყანაში არ არის იმ რანგის მონატერული ბრუნვა, რომ აიტანოს ეროვნული ბანკის მიერ ბაზრიდან 10 მილიონის ამოღება. შესაბამისად, მოსალოდნელია გაუფასურება. საშუალოვადიან პერსპექტივაში, მინიმუმ, 15 პუნქტით კვლავ გაუფასურდება ლარი.
გვქონდა შანსი, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსი 2.50 ლარზე დაგვეჭირა, ნაცვლად ამისა, გაუგონარი გადაწყვეტილება მივიღეთ – ბაზრიდან გავიტანეთ დოლარი. ეს უკვე ხელოვნური გაუფასურებაა“,– განმარტავს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს – კობა გვენეტაძე ლარის დღევანდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელ რყევას უწოდებს:

"შეუძლებელია, ვიცოდეთ თუ რამ მოახდინა გავლენა მოკლევადიან ცვლილებაზე. მოკლე პერიოდში გაუფასურებას წინ დიდი გამყარება უძღოდა. როცა ჩვენ გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას არა მარტო ერთი დღის ან ერთი კვირის ჭრილში უნდა შევხედოთ, არამედ მინიმუმ, ერთი კვარტლის განმავლობაში. ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა. ადრეც მომხდარა ასეთი რყევები. რაც შეეხება პროგნოზებს, ცენტრალური ბანკი მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში არ აკეთებს".
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე კი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი იმ ნიშნულის ფარგლებში შენარჩუნდება, რომელზეც დღეს არის. საკუთარ მოლოდინს ის ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების ტრენდით და ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორებით ხსნის:

„ვალუტის კურსის ცვლილება ყოველდღიურად, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების მიმართულებით იქნება. ამაზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ფუნდამენტი, რომელიც არსებობს, მიმართულია იმისკენ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ლარის გამყარების ტრენდი გაგრძელდეს და ამ ნიშნულის ფარგლებში იყოს. პირველი ფაქტორი, რაც ლარის კურსზე მოქმედებს, ბოლო 4 თვის განმავლობაში ტურიზმის პოზიტიური მაჩვენებლებია; მეორე - საქართველოში შემომავალი ფულადი გზავნილებია. უკრაინის ომისა და რუსეთიდან გზავნილების შემცირების მიუხედავად, მისი დაბალანსება სხვა ქვეყნებიდან მოხდა. ასევე იზრდება ექსპორტი და ეს იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, რომ ლარი იმ ფარგლებში იქნება, რომელშიც დღეს არის“.
განსხვავებული მოლოდინი აქვს დისტრიბუტორებს. კერძოდ, მათი განმარტებით, იმპორრტიორებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა დაკარგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამ დღეში კვლავ სხვა ფასები გვექნება, რაც ცხადია, ნეგატიური მოვლენაა მომხმარებლისთვის“.
მოსალოდნელი ინფლაციის თაობაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც, თუმცა საგარეო ფაქტორებზე აქცენტით.
მისი თქმით, იმის გამო, რომ პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა, პროგნოზების გაკეთება მაინც რთულია, თუმცა საშუალო ინფლაცია სავარაუდოდ, 9.5%, ხოლო წლიური ინფლაცია დაახლოებით 8.5% იქნება:
"სამწუხაროდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ის პრობლემები კვლავ უკან დააბრუნა, რომლებიც პანდემიამ მოიტანა. მოგეხსენებათ, ეს არის მიწოდების ჯაჭვები, მაღალი ფასები გადაზიდვებზე. რუსეთი და უკრაინა სასაქონლო ბაზრებზე ისეთი პროდუქტების მნიშვნელოვან მიმწოდებლებს წარმოადგენენ, როგორიცაა, ხორბალი, მზესუმზირა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტები. ამან ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შექმნა. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის სურსათის ინდექსი აპრილის მდგომარეობით, 30%-ით არის გაზრდილი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია".
რაც შეეხება სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას, გვენეტაძის თქმით, ვიდრე ორგანიზაცია არ დაინახავს, რომ „გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინები მოთოკილია", ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.


